• ვინ შეიძლება იყოს პოტენციური ბენეფიციარი?

    პროგრამის მონაწილე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

  • მერძევეობის დარგის რომელ მიმართულებებზე გაიცემა თანადაფინანსება?

    თანადაფინანსება გაიცემა შემდეგ მიმართულებებზე: რძის პირველადი წარმოება, რძის გადამამუშავებელი საწარმო, რძის შემგროვებელი პუნქტი, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება. 

  • საქართველოს რომელი რეგიონებიდან შეიძლება განაცხადის მოთხოვნა თანადაფინანსებაზე?

    პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი საქართველოს  შემდეგი რეგიონები: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, კახეთი.

    ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა რეგიონი. 

    ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის შემთხვევაში პროგრამის გავრცელების არეალია: იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი.

  • რა მიზნობრიობით შეიძლება მოვითხოვოთ თანადაფინანსება?

    პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შეძენას. მაგალითად რძის პირველადი მწარმოებლის შემთხვევაში შეიძლება დაფინანსდეს ფერმის ან სადგომის მშენებლობა/რეკონსტრუქცია, საწველი დარბაზის მოწყობა, საწველი აპარატის შეძენა, რძის ავზების ან გენერატორის შეძენა. 

  • შეიძლება თუ არა დაფინანსდეს პროგრამის ფარგლებში უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთის შეძენა?

    პროგრამის ფარგლებში უძრავი ქონების დაფინანსება არ ხდება, ასევე დაფინანსება არ ითვალისწინებს: სესხის ან სხვა ვალდებულების დაფარვას, სხვა საწარმოში წილის შეძენას. საპროექტო სამუშაოების ღირებულების დაფინანსებას.

  • პროგრამის ფარგლებში თუ არის შესაძლებელი მსხვილფეხა საქონლის შეძენა?

    პროგრამის ფარგლებში არ ხდება ცხოველის შეძენის ღირებულების დაფინანსება.

  • რა რაოდენობის მეწველი მსხვილფეხა საქონელი (ფური) უნდა ჰყავდეს ბენეფიციარს, რომ შეძლოს პროგრამაში მონაწილეობა და რა დოკუმენტით უნდა დაადასტუროს ფურების საკუთრებაში არსებობა?

    ფურების საკუთრებაში არსებობის მოთხოვნა არის მხოლოდ ერთი მიმართულებით, ეს მიმართულებაა რძის პირველადი მწარმოებლის მიმართულება. ( აღნიშნული ტიპის ბენეფიციარს, რძის მწარმოებელ ფერმერს, უნდა ჰყავდეს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 25 მეწველი ფური).

    ფურების საკუთრებაში არსებობის დასადასტურებლად საჭიროა ფერმერმა წარმოადგინოს ცნობა სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს) იდენტიფიცირებული ფურების საკუთრებაში არსებობის შესახებ.

  • პროგრამის მიხედვით არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

    პროგრამას აქვს მხოლოდ ერთი მიმართულებით ასაკობრივი შეზღუდვა, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის. პოტენციური ბენეფიციარის ასაკი უნდა იყოს: მამაკაცების შემთხვევაში 18 დან-35 წლამდე, ქალბატონების შემთხვევაში 18 დან-40 წლამდე.

  • რა თანხის მიღება შეიძლება თანადაფინანსების პირობებით?

    სხვადასხვა მიმართულებებით დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა განსხვავებულია. თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა ბენეფიციარის ტიპის მიხედვით იწყება 8000 ლარიდან და შეიძლება შეადგენდეს 108,000 ლარს. სხვადასხვა მიმართულებაში განსხვავდება პროექტის ჯამურ ღირებულებაში სააგენტოს მხრიდან დაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 50% დან 80% მდე. 

  • თუ პოტენციურ ბენეფიციარს არ ჰყავს ფურები და ასევე არ აქვს მიმდინარე საწარმო, შეუძლია თუ არა მიიღოს მონაწილეობა რძის გადამამუშავებელი საწარმოს მიმართულებით?

    არ შეუძლია, ვინაიდან პროგრამის ფარგლებში რძის შემგროვებელი პუნქტი და რძის გადამამუშავებელი საწარმო უნდა იყოს აუცილებლად არსებული.

  • შესაძლებელია თუ არა პოტენციურმა ბენეფიციარმა მონაწილეობა მიიღოს თანადაფინანსების მისაღებად ერთდროულად ორი მიმართულებით?

    პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ თანადაფინანსება პროგრამის სხვადასხვა მიმართულებით, მხოლოდ  შემდეგ შემთხვევებში:

    რძის მცირე გადამამუშავებელი საწარმოს ბენეფიციარს მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საზაფხულო საძოვრებზე რძის შემგროვებელი პუნქტის მიმართულებით;

    რძის პირველადი წარმოების ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მოწყობის მიზნობრიობით (არაუმეტეს 5 კვტ. სიმძლავრე)

  • როგორ მივიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში?

    იმ შემთხვევაში თუ პროგრამაში განაცხადების მიღება მიმდინარეობს, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე,  რეგისტრაციის შემდეგ შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ.