აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს პირველადი წარმოების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებების თანადაფინანსებას.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს:
- პირველადი წარმოების ზრდას;
- აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას;
- პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებას.
პროგრამის ამოცანებია:
- წარმოებაში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატური პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა;
- ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, ხარისხიანი აგროსასურსათოპროდუქციის წარმოება;
- ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს:
- პირველადი წარმოების თანადაფინანსება;
- გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება;
- შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;
- შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
- სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსება.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში.
სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად პროგრამის ყველა კომპონენტისათვის განისაზღვრება არაუმეტეს 2,000,000 (განსხვავებული პირობით ისარგებლებენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები) ლარით :
- პროგრამის ყველა კომპონენტისთვის წარდგენილი პროექტის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 55%-ის ოდენობით;
- გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტისთვის წარდგენილი პროექტის ჯამური თანხის არაუმეტეს 40%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 45%-ის ოდენობით.
ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს ყველა კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსებით, ლიმიტ(ებ)ის ამოწურვამდე.
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.