პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

მტკნარი წყლის აკვაკულტურის და/ან მარიკულტურის მეურნეობის მოწყობის ქვეკომპონენტის მიმართულებებია:    

  • ადგილობრივი და/ან ადგილობრივთან გათანაბრებული და/ან უცხო კულტივირებადი წყლის ორგანიზმებისათვის არსებული მეურნეობის გაფართოების და/ან მოდერნიზების დაფინანსება;
  • ადგილობრივი და/ან ადგილობრივთან გათანაბრებული და/ან უცხო კულტივირებადი წყლის ორგანიზმებისათვის ახალი მეურნეობის მოწყობის დაფინანსება.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან  მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. 

ამასთანავე, აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს:

  • ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში
  • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

 

გავრცელების არეალი

ქვეკომპონენტის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. 

სააგენტოს თანადაფინანსება:

  • არსებული მეურნეობის გაფართოების და/ან მოდერნიზების შემთხვევაში - წარმოდგენილი პროექტის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 500,000 ლარი;
  • ახალი მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში − არაუმეტეს 1,000,000 ლარი.
  • სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ან მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 55%, არსებული მეურნეობის შემთხვევაში არაუმეტეს 500,000 ლარი, ხოლო ახალი მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში − არაუმეტეს 1,000,000 ლარის

წარმოდგენილი პროექტის ჯამური თანხა:

  • არსებული მეურნეობის გაფართოების და/ან მოდერნიზების შემთხვევაში - არანაკლებ  50,000 ლარი;
  • ახალი მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში − არანაკლებ 100,000 ლარი.

მტკნარი წყლის აკვაკულტურის და/ან მარიკულტურის მეურნეობის მოწყობის კრიტერიუმები და დასაფინანსებელი ხარჯები იხილეთ დანართში N13.

დაფინანსდება მხოლოდ დანართით N13  განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ხარჯების შესაბამისად   მტკნარი წყლის აკვაკულტურის და/ან მარიკულტურის არსებული მეურნეობის გაფართოება და/ან მოდერნიზება ან ახალი მეურნეობის მოწყობა.

კრიტერიუმები და ვალდებულებები 

  • ტბორის ზედაპირის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 ჰექტარს.
  • მტკნარი წყლების სააუზე მეურნეობის ფართობი უნდა შეადგენდეს 600 მ3-ს. 

პოტენციურმა ბენეფიციარმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს „აკვაკულტურის შესახებ“  სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან მიღებული აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვა, რომლის მოქმედების პერიოდიც არ უნდა იყოს 10 წელზე ნაკლები. 

აკვაკულტურის ფერმაში უცხო სახეობის მოშენების შემთხვევაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის ნებართვა, რომელსაც გასცემს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო.

პოტენციური ბენეფიციარი ვალდებულია:

  • არსებული მეურნეობის გაფართოების და/ან მოდერნიზების შემთხვევაში, განაცხადთან ერთად წარმოადგინოს არანაკლებ ერთი დასაქმებული დიპლომირებული ან სერტიფიცირებული აკვაკულტურის სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია.
  • ახალი მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში, თანადაფინანსების გაცემამდე წარმოადგინოს არანაკლებ ერთი დასაქმებული დიპლომირებული ან სერტიფიცირებული აკვაკულტურის სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია.

პროექტის განხორციელების ვადა

სააგენტო ბენეფიციარს განუსაზღვრავს პროექტის შესრულების ვადას. 

პროექტის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეს

განსაზღვრულ ვადებში პროექტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებას. 

 

ზოგადი პირობები:

  • მონაწილეობას შეძლებენ ის პოტენციური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.
  • წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა მოიცავდეს ქვეკომპონენტის შესაბამისად დასაშვები ხარჯების მთლიან ოდენობას.
  • შესაძლებელია დაფინანსდეს აუდიტორული დასკვნის საფასური, თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 1%, მაგრამ არაუმეტეს 20,000 ლარს. თანადაფინანსების თანხა გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარზე გასაცემი სააგენტოს თანადაფინანსების ლიმიტში. 
  • ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
    მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს ფიზიკური პირისგანაც.
  • შესასყიდი ძირითადი საშუალებები (დანადგარი/აღჭურვილობა/ტექნიკა/იმპლემენტი) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი). 
  • პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას და ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ გაიცემა თუ: 
    • პოტენციური ბენეფიციარი ან არსებული ბენეფიციარი, მისი დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი, ფლობს წილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირში, რომელიც პროექტის ფარგლებში წარმოადგენს შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელს;
    • თავად ინდივიდუალური მეწარმე წარმოაჩენს საკუთარ თავს საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებლად;
    • პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ან მისი წარომადგენელი არის ხელმძვანელი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში. 
    • ის ბენეფიციარები, ვისთანაც გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, თანადაფინანსებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში არ ექნებათ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.

ზოგადი ვალდებულებები

ბენეფიციარი ვალდებულია:  

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, არ გაასხვისოს პროექტის ფარგლებში შექმნილი და დაფინანსებული ქონება, ასევე აღნიშნული ქონების ნაწილი ან მასთან დაკავშირებული აქტივები და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა პროექტი.  

დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება.

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს პროექტის ფუნქციონირება მხოლოდ იმ მიზნობრიობისა და პროფილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პროგრამითა და/ან ხელშეკრულებით.
  • მშენებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტის ფარგლებში შექმნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი.
  • უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენა პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება  ან სააგენტო უფლებამოსილია განუსაზღვროს ბენეფიციარს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. 

შესაბამისობის კრიტერიუმები

წყლის ობიექტი, სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს  საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში ან იჯარით (მოცემული პირობა არ მოეთხოვება მარიკულტურის მეურნეობის მოწყობით დაინტერესებულ ბენეფიციარებს), რომელიც:

  • რეგისტირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით.
  • იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს 
  • მიწის ნაკვეთს არ უნდა ედოს ყადაღა, ასევე, სახელმწიფოსგან საპრივატიზებო პირობებით შეძენის შემთხვევაში,  საპრივატიზებო პირობები უნდა იყოს სრულად შესრულებული და მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს შემძენის უპირობო საკუთრებას.  

პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1,000 ლარს ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპები

მტკნარი წყლის აკვაკულტურის და/ან მარიკულტურის მეურნეობის მოწყობის ქვეკომპონენტის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებების შესრულება დადასტურდება წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნითა და სააგენტოს მიერ ადგილზე კონტროლის  განხორციელებით. 

მშენებლობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ საქართველოს კანონმდებლობით გაცემული მშენებლობის ნებართვა. 

არანაკლებ 200,000 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა დასტურდებოდეს:

  • სსიპ - აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს (აკრედიტაციის ცენტრის) მიერ აკრედიტირებული პირის დასკვნით
    ან 
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით

არანაკლებ 500,000 ლარის პროექტის ღირებულების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია თანადაფინანსების გაცემამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა  პროექტი დატვირთოს  იპოთეკით სააგენტოს სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია სესხის გამცემი ბანკი. 

აღნიშნული პირობა არ ვრცელდება სახელმწიფო იჯარისა და მარიკულტურის მეურნეობის მოწყობის მიმართულების შემთხვევაში. 

სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ადგილზე კონტროლი და დოკუმენტური მონიტორინგი.

სიახლეები