ტერმინთა განმარტება
ბენეფიციარი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/ თანადაფინანსების ხელშეკრულება ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება ან უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის ბენეფიციარი − არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;
პოტენციური ბენეფიციარი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/ თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/ პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/ თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ან უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციური ბენეფიციარი − არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება;
თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;
ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით;
ბენეფიციარის თანამონაწილეობა – პროგრამის ფარგლებში, პროექტის დასაფინანსებლად პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრები ან/და დონორის რესურსი;
აღჭურვილობა – პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ეტიკეტირების, დამჭრელი, დოზირების, დამფასოებელი, ჩამოსასხმელი, თარიღატორი);
დონორი – ორგანიზაცია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფარავს პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დასაფინანსებელი მიზნობრიობების ღირებულების ნაწილს.
კონსულტანტი − უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური ან უცხოეთში რეგისტირებული იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე, როგორც ღია, ასევე დახურული გრუნტის შემთხვევაში, აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს;
ტექნიკური კონსულტანტი − უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით კონსულტაციებს (გარდა პროდუქციის გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხებისა).