პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარით გადაცემის წესი და პირობები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია, საქართველოს მთავრობის თანხმობით,  აუქციონის გარეშე  გაიცემა.

- იჯარის  ვადა - 25 წელი

- იჯარის წლიური ღირებულება – 1 ჰა-ზე 50 ლარი;

- იჯარის ღირებულების გადახედვა შეიძლება გაფორმებიდან მეთხუთმეტე წელს, შემდეგ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

- იჯარის მესამე პირზე გადაცემა შეიძლება სააგენტოსთან წინასწარი თანხმობით იმ პირობით, რომ ძველი მოიჯარის ვალდებულებებს სააგენტოსა და მეიჯარის წინაშე შეასრულებს ახალი მოიჯარე;

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის, იჯარით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს უკვე საკუთრებაში არსებულ პლანტაციის ფართობს.

სახელმწიფოს კუთვნილი პლანტაციის იჯარით მიღებისთვის, მსურველი მიმართავს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" შესაბამისი განაცხადით, სააგენტოსთან გაფორმებული თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულებითა და კომერციული ბანკის მიერ გაცემული, პროგრამის პირობების შესაბამისად სააგენტოს მიერ მეწარმე სუბიექტისთვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით.

სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" წარსადგენი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება მონაწილის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 68 თვით და უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- საბანკო გარანტია, მისი მოქმედების პირველი 4 თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას;

- საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს მონაწილის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირგასამტეხელოს გადახდას.

მეწარმის მიერ განაცხადის წარდგენიდან 1 თვეში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, საბანკო გარანტია უბრუნდება მეწარმეს.

საქართველოს მთავრობის მიერ სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, მისი მიღებიდან 3 თვეში.

საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, თუ მეწარმე 3 თვეში, არ გააფორმებს ხელშეკრულებას, მაშინ მისი საგარანტიო თანხა სრულად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სხვადასხვა მონაწილის მიერ, ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც უფრო ადრე წარადგინა დოკუმენტაცია სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში".

საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება იჯარის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ მოიჯარე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელ პირობებს დაარღვევს, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას გადახდილი თანხა და გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურდება.

*შენიშვნა - ტერმინთა განმარტება. 

წარმატების ისტორიები