საერთაშორისო გამოფენა - U.S. Private Label Trade Show

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2024 წლის 26 მარტის 09:00 საათიდან 17 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით. 



2024 წლის 17 - 19 ნოემბერს ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ში გაიმართება U.S. Private Label Trade Show.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,000-ზე მეტი კომპანია 60-ზე მეტი ქვეყნიდან. აღნიშნული ღონისძიება დაინტერესებულ პირებს აშშ-ის და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.  დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ  პროდუქციას.

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:  

  • წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
  • წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
  • არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
  • არ უნდა გქონდეთ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).

შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:

ინდიკატორი ქულა
1.      საწარმოს გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა  
1.1    საწარმო (0 ლარიდან - 500 000 ლარამდე) 1
1.2   საწარმო (500 000 ლარიდან - 5 000 000 ლარამდე) 2
1.3   საწარმო (5 000 000 ლარიდან - 20 000 000 ლარამდე)  1.5
1.4   საწარმო (20 000 000 ლარიდან  და მეტი) 0.5
2.      აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი 2.5
3.      აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული  2


გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი და ატვირთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 

  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის, წინა კალენდარული წლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.5 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. 

იმ შემთხვევაში, თუ  დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. 

კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სავალდებულოა გახდეთ Private Label Manufacturers Association (PLMA) -ს წევრი, რისთვისაც ივსება და იგზავნება შესაბამისი ფორმა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ასოციაციის საწევრო გადასახადი შეადგენს 1,500 ევროს წელიწადში. დამატებით ინფორმაციას სააგენტოს წარმომადგენელი მიაწვდის შერჩეულ მონაწილეებს. 

გისურვებთ წარმატებას!

 

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა